საქართველოში თხილის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და საკმაოდ მაღალი შემოსავლების მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის. გარდა მსოფლიო ბაზარზე კაკლოვნების ნაყოფზე მოთხოვნილების ზრდისა, საქართველოშიც ფართო მოთხოვნილებაა ამ პროდუქციაზე. არამარტო ახალი ბაღების გაშენების, არამედ ძველი ბაღების ეფექტური მოვლის ხარჯზეც, თანამედროვე აგროტექნიკური ღონისძიებების დანერგვის პირობებში გაცილებით მეტი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ერთ-ერთ ძირითად რეგიონში აჭარაში, კერძოდ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, გაშენებული, თხილის ჯიშები ტონდა ჯიფონის, გულშიშველასა და ანაკლიურის ბიომორფოლოგიური და აგროტექნიკური თავისებურებები, მოვლამოყვანის ძირითადი საკითხები. დადგენილია მცენარეების სავეგეტაციო პერიოდის მიმდინარეობა, მისი გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოების ბიომეტრიული მაჩვენებლების თავისებურებანი და გამრავლების ზოგიერთი საკითხები. დაკვირვებებიდან ჩანს, რომ მცენარეები იძლევა ხარისხიან და უხვ მოსავალს.