აფხაზეთი საქართველოს გამორჩეული კუთხეა, ყველა ქართველმა იცის, რომ ამ ულამაზეს მხარეს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, თუმცა ძალიან ცოტასთვის არის ცნობილი აქ არსებული პრეისტორიული ციკლოპური ნაგებობების - დოლმენების შესახებ, რომელთა ასაკი არაერთი ათასი წელია. მიუხედავად იმისა, რომ მეგალითური ნაგებობები გვხვდება საქართველოს სხვა კუთხეებშიც (საცხოვრებლები, ციხესიმაგრეები, მენჰირები), დოლმენების ნახვა ბუნებრივ გარემოში მხოლოდ აფხაზეთშია შესაძლებელი. ამასთან კავკასიის დოლმენები გაცილებით უფრო ხარისხიან ქვაყუთებს წარმოადგენენ, ვიდრე ანალოგიური ნაგებობები ევროპის სხვა ქვეყნებში. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა უამრავი მოსაზრება დოლმენების დანიშნულების შესახებ, თუმცა ზუსტი პასუხები მეცნიერებს არ ქონდათ.
2007 წელს, ქალაქ ტუაფსესთან ახლოს, მდინარე კოლიხოს ნაპირას აღმოჩენილი იქნა ათასწლეულების წინ მეწყერის გამო მიწით დაფარული დოლმენი. მასში არსებულმა ადამიანთა ნაშთებმა საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანა. პირველ რიგში დადასტურდა მოსაზრება, რომ დოლმენი მიცვალებულთა საძვალეს წარმოადგენდა. შემდგომში, გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ აქ დასვენებული ადამიანები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და მათი დაკრძალვა ამ ადგილას ხუთი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კვლევამ დაადგინა, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ საინტერესო ნაგებობებთან. კულტურა, რომელმაც შექმნა ეს დოლმენები გამოირჩეოდა უნიკალური წეს ჩვეულებებით და რიტუალებით, რომელთა მსგავსს დღეს ვერსად ვნახავთ. შესაბამისად ადამინებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი არა მხოლოდ თბილი ზღვა და თანამედროვე ატრაქციები, არამედ უნიკალური პრეისტორიული ნაგებობებით მდიდარი მხარეა, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო ზრდის მის ტურისტულ პოტენციალს.